Plug-in ჰიბრიდი: რა არის და როგორ მუშაობს ის?
გაიგე ყველაფერი Plug-in ჰიბრიდის შესახებვ
2026-01-14
ელექტრომობილების ბაზარი სწრაფად ვითარდება და მყიდველებს სულ უფრო მეტი არჩევანი აქვთ. ამავდროულად, ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ ფიქრობს იმაზე, საკმარისი იქნება თუ არა ელექტრომობილის სვლის მარაგი გრძელ მანძილზე, ან რა მოხდება, თუ დამტენი თან არ აღმოაჩნდება. ამ შეშფოთებას ინგლისურად range anxiety ჰქვია და ბევრი პოტენციური მყიდველისთვის დღემდე გადამწყვეტ წინაღობად რჩება.
ამ ფონზე პოპულარული გახდა Plug-in ჰიბრიდული ავტომობილები. ისინი აერთიანებს ელექტრო და შიდაწვის ძრავებს, რაც მძღოლს საშუალებას აძლევს მოკლე მანძილზე მხოლოდ ელექტროენერგიის გამოყენებით იმოძრაოს, საჭიროების შემთხვევაში კი ავტომობილი ბენზინის ძრავაზე გადართოს.
რა არის Plug-in ჰიბრიდი და რით განსხვავდება სხვა ტიპის ავტომობილებისგან?

PHEV არის აბრევიატურა და ნიშნავს Plug-in Hybrid Electric Vehicle-ს, ანუ დასატენ ჰიბრიდულ ელექტრო მანქანას. ეს არის ჰიბრიდული ავტომობილის ტიპი, რომელიც აერთიანებს შიდა წვის ძრავას (ჩვეულებრივ ბენზინზე მომუშავეს) და ელექტროძრავას დამტენი ბატარეით. მთავარი განსხვავება ჩვეულებრივი ჰიბრიდისგან ისაა, რომ მისი დამუხტვა შესაძლებელია გარე წყაროდან, სახლის როზეტიდან ან სპეციალური დამტენი სადგურიდან.
ჩვეულებრივი ჰიბრიდის ელემენტი მხოლოდ რეგენერაციული დამუხრუჭებითა და ძრავის მუშაობის შედეგად იმუხტება. ამის გამო, მათი ელექტრო რეჟიმი ძალიან შეზღუდულია და ძირითადად მხოლოდ დაძვრისას ან დაბალი სიჩქარით მოძრაობისას აქტიურდება. Plug-in ჰიბრიდებს კი უფრო დიდი ტევადობის ელემენტი აქვს. მაგალითად, E-Motors Georgia-ს შოურუმში წარმოდგენილი Jetour T2 i-DM მხოლოდ ელექტროძრავით 140 კმ-მდე მანძილს ფარავს, ხოლო ავტომობილის სრული სვლის მარაგი, ორივე ძრავი კომბინაციით, 1100 კმ-ია
ელექტრომობილებთან მიმართებით Plug-in ჰიბრიდების უპირატესობად შიდაწვის ძრავის შეუზღუდავი რესურსი სახელდება. როგორც კი ელემენტის მარაგი იწურება, სისტემა ავტომატურად რთავს ბენზინის ძრავას და ავტომობილი გზას შეფერხების გარეშე განაგრძობს. თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს უპირატესობა ნელ-ნელა აღარ არის რელევანტური, რადგან დღეს უკვე შესაძლებელია ელექტრომობილების პორტატიული დამტენების შეძენა, თან წაღება და მანქანის ნებისმიერ ადგილას დამუხტვა.
როგორ მუშაობს Plug-in ჰიბრიდი?
დაძვრისას და საწყის ეტაპზე ავტომობილი ჩვეულებრივ ელექტროძრავას იყენებს და მოიხმარს ბატარეის მარაგს. როგორც კი ეს მარაგი იწურება, სისტემა დამოუკიდებლად, მძღოლის ჩარევის გარეშე, ააქტიურებს შიდაწვის ძრავას. გადართვის პროცესი იმდენად შეუმჩნეველია, რომ მძღოლი დისკომფორტს თითქმის არ გრძნობს.
სისტემის გამართულ მუშაობას რამდენიმე მთავარი კომპონენტი განსაზღვრავს, ესენია: მაღალი ტევადობის ბატარეა, ორი ტიპის ძრავა, ბორტ დამტენი და ენერგიის მართვის კონტროლერი. კონტროლერი წყვეტს, რომელ მომენტში რომელი ძრავა უნდა მუშაობდეს მაქსიმალური შედეგის მისაღებად. მაგალითად, ქალაქის საცობებში ან დაბალი სიჩქარით გადაადგილებისას უპირატესობა ელექტროძრავას ენიჭება, ხოლო მაგისტრალზე გასვლისას ან აღმართზე ასვლისას, როცა მეტი სიმძლავრეა საჭირო, შიდა წვის ძრავა ირთვება.
მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეგენერაციული დამუხრუჭების სისტემაც. როდესაც მძღოლი მუხრუჭს აჭერს ან დაღმართზე ეშვება, ელექტროძრავა იწყებს გენერატორის ფუნქციის შესრულებას. ამ დროს კინეტიკური ენერგია ელექტროენერგიად გარდაიქმნება და ელემენტს უკან უბრუნდება, რაც სვლის მარაგს ზრდის. გარდა ენერგიის დაზოგვისა, ეს პროცესი ამცირებს სამუხრუჭე ხუნდების ცვეთასაც.
როგორ უნდა დაიმუხტოს Plug-in ჰიბრიდი?
Plug-in ჰიბრიდის დამუხტვა რამდენიმე განსხვავებული მეთოდით შეიძლება და დროც შესაბამისად იცვლება. ყველაზე მარტივი და გავრცელებული გზა, ე.წ. Level 1 დამტენის გამოყენებაა. ამ მეთოდით ელემენტის სრულად შევსებას 8-დან 12 საათამდე სჭირდება.
უფრო სწრაფია Level 2 დამტენები. ამ შემთხვევაში ჰიბრიდის სრულად დამუხტვას 1.5-დან 3 საათამდე დასჭირდება, რაც დღის განმავლობაში მარაგის შესავსებად საკმაოდ მოსახერხებელია.
რაც შეეხება Level 3-ს, ანუ სწრაფ DC დამუხტვას, ეს ყველაზე სწრაფი მეთოდია, თუმცა ყველა Plug-in ჰიბრიდს არ აქვს ამ ტიპის დამტენთან თავსებადობა. DC დამტენით ელემენტის შევსებას დაახლოებით 30-40 წთ სჭირდება.
ისარგებლეთ დამტენი სადგურების რუკით და დაგეგმეთ მარშრუტები შეფერხებების გარეშე!
ვისთვის არის იდეალური Plug-in ჰიბრიდი
Plug-in ჰიბრიდები განკუთვნილია რამდენიმე კატეგორიის მძღოლისთვის:
- მათთვის, ვისაც მოკლე დღიური მარშრუტი აქვს. სტატისტიკურად, მძღოლი დღეში საშუალოდ 60 კილომეტრს გადის. თუ თქვენი ყოველდღიური გზა ამ ლიმიტში ჯდება, შესაძლებელია ქალაქში მხოლოდ ელექტროენერგიით იმოძრაოთ და საწვავი საერთოდ არ დახარჯოთ;
- მათთვის, ვისაც ავტომობილის დასამუხტად შესაბამისი პირობები აქვს. თუ მას რეგულარულად დატენით ღამით სახლში ან დღისით სამსახურში, მანქანა ძირითადად ელექტრო რეჟიმში იმუშავებს;
- მათთვის, ვისაც შორ მანძილზე მგზავრობა უწევს და ვისაც ოფროუდ თავგადასავლები უყვარს. სრულად ელექტრომობილისგან განსხვავებით, Plug-in ჰიბრიდის ფლობისას არ დაგჭირდებათ მარშრუტის წინასწარ დაგეგმვა და დამტენების ძებნა. როცა ელემენტი დაჯდება, ავტომობილი ავტომატურად გადაირთვება შიდაწვის ძრავაზე და გზას ჩვეულებრივად განაგრძობს.
რა უნდა გაითვალისწინოთ?
მიუხედავად ბევრი დადებითი მხარისა, Plug-in ჰიბრიდის შეძენამდე რამდენიმე ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ. პირველ რიგში, ეკონომია პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ რამდენად ხშირად დატენით ავტომობილს. თუ არ გამოიყენებთ ელექტრო რეჟიმს და მანქანას მხოლოდ შიდა წვის ძრავაზე ამუშავებთ, ვერ მიიღებთ სარგებელს. უფრო მეტიც, დაუმუხტავი Plug-in ჰიბრიდი შეიძლება უფრო არაეკონომიურიც კი იყოს, ვიდრე ჩვეულებრივი ჰიბრიდი, რადგან ელემენტის დამატებითი წონა ძრავას ზედმეტად ტვირთავს.
ასევე უნდა გახსოვდეთ, რომ ელექტრო რეჟიმში მოძრაობისას, ზოგიერთ მოდელს ნაკლები სიმძლავრე აქვს, ვიდრე ორივე ძრავის ერთდროული მუშაობისას. თუმცა, ქალაქის პირობებში ეს სხვაობა არ იგრძნობა და სავარაუდოდ, დისკომფორტსაც არ შეგიქმნით.
გასათვალისწინებელია ტექნიკური მხარეც. ვინაიდან Plug-in ჰიბრიდი ორივე სისტემას იყენებს, მას სჭირდება ყურადღება როგორც ელექტრო, ისე შიდა წვის ძრავის ნაწილში. ამისათვის კი საჭიროა შესაბამისი კვალიფიკაციის ტექნიკოსი, რომელსაც, Jetour T2 i-DM-ის შესაკეთებლად, E-Motors Georgia-ს სერვის ცენტრში იპოვით.
Plug-in ჰიბრიდი დღეს ერთ-ერთი ყველაზე გონივრული არჩევანია. ის გაძლევთ საშუალებას, ისარგებლოთ ელექტრომობილის ეკონომიურობით ისე, რომ არ თქვათ უარი შორ მანძილზე მგზავრობაზე.
იმისათვის, რომ უკეთ შეაფასოთ ამ სისტემის შესაძლებლობები, გთავაზობთ, რომ ის რეალურ პირობებში გამოცადოთ. E-Motors Georgia-ს შოურუმში უკვე შეგიძლიათ ნახოთ და დატესტოთ უახლესი თაობის Plug-in ჰიბრიდი, Jetour T2 i-DM, რომელიც ქართულ ბაზარზე სულ ახლახან გამოჩნდა. დაჯავშნეთ ტესტ-დრაივი და მიიღეთ გადაწყვეტილება საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით.
Plug-in ჰიბრიდი