როგორ მოამზადოთ ავტომობილი გაზაფხული-ზაფხულის სეზონისთვის?

ამ ბლოგში E-Motors Georgia, თანამედროვე ჩინური ავტომწარმოებლების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, მძღოლებს იმ რჩევებს უზიარებს, რომლებიც ავტომობილის გაზაფხული-ზაფხულის სეზონისთვის მომზადებაში დაეხმარებათ.

2026-02-13

blog image

ზამთრის ყინვების მსგავსად, ავტომობილისთვის გამოწვევებს ტემპერატურის მატება და მზის ინტენსიური გამოსხივებაც ქმნის. ამ პირობებში მანქანა გადახურებისგან უნდა დაიცვათ და ის გაზაფხული-ზაფხულის სეზონისთვის მოამზადოთ.

ამ ბლოგში E-Motors Georgia, თანამედროვე ჩინური ავტომწარმოებლების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, მძღოლებს იმ რჩევებს უზიარებს, რომლებიც ავტომობილის გაზაფხული-ზაფხულის სეზონისთვის მომზადებაში დაეხმარებათ.

კოროზიის პრევენციისთვის საფუძვლიანად გარეცხეთ ავტომობილი

ზამთრის განმავლობაში მოყინულ გზებზე, უსაფრთხოების მიზნით, ტექნიკური მარილი და სხვა ნივთიერებები იყრება, რომელთა ნარჩენებიც ავტომობილის ძარის ქვედა კომპონენტებში გროვდება. გაზაფხულსა და ზაფხულში ტემპერატურის მატების გამო, ეს ნივთიერებები მეტალთან ქიმიურ რეაქციაში შედის და კოროზიის პროცესს ააქტიურებს ან აჩქარებს. ამიტომ დათბობისთანავე მანქანა კარგად უნდა გაირეცხოს.

ნარჩენები ყველაზე ადვილად სამუხრუჭე მილებსა და დაკიდების სისტემის დეტალებზე გროვდება, ამიტომ ეს კომპონენტები განსაკუთრებული ყურადღებით უნდა გაიწმინდოს. ამისთვის მაღალი წნევით რეცხვა სრულიად საკმარისია. მსგავსი აპარატები იმ ნაწილებიდანაც აშორებს ქიმიურ ნარჩენებს, რომლებიც მძღოლის თვალისთვის შეუმჩნეველია.

ზამთრის საბურავები ზაფხულისთვის განკუთვნილი ალტერნატივებით ჩაანაცვლეთ

ზამთრის საბურავების შემცველობაში რეზინი ჭარბობს, რადგან ის მას სიცივეში ელასტიკურობას უნარჩუნებს და მოცურებას უშლის ხელს. თუმცა, მაშინ, როცა ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსს აჭარბებს, ზამთრის საბურავების გამოყენება სახიფათოა, რადგან მაღალ ტემპერატურაზე რეზინი დნობას იწყებს, სწრაფად იცვითება და სამუხრუჭე მანძილსაც ზრდის. ზაფხულის საბურავების პროტექტორი ისეა შემქნილი, რომ ის მაღალ სიცხეშიც ინარჩუნებს სიმკვრივეს. ამის გამო, მანქანა უკეთ ეჭირდება როგორც მშრალ, ისე სველ ასფალტს.

ამასთან ერთად, გაზაფხული-ზაფხულის სეზონებისათვის ისეთი საბურავების შერჩევაა რეკომენდებული, რომლებსაც წყლის გამოდევნის კარგი უნარი აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში საბურავებსა და გზის საფარს შორის გაჩნდება წყლის ფენა ანუ ჰიდროპლანირება და მძღოლი ავტომობილზე კონტროლს დაკარგავს.

შეამოწმეთ მანქანის გაგრილების სისტემა

ძრავის გადახურება ზაფხულის სეზონზე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. ამის თავიდან ასაცილებლად გაგრილების სისტემის ინსპექტირების ჩატარებაა საჭირო.

აუცილებლად უნდა შემოწმდეს ანტიფრიზის დონე და მისი სიმკვრივე, რადგან დროსთან ერთად ეს სითხე დამცავ თვისებებს კარგავს, რაც სისტემის კოროზიას ან მასში ნალექების დაგროვებას იწვევს. სითხის ვარგისიანობის განსაზღვრა ვიზუალური შემოწმებით ხდება: ხარისხიანი ანტიფრიზი უნდა იყოს სუფთა, ნალექის გარეშე და ინარჩუნებდეს თავდაპირველ, მკვეთრ მწვანე, ვარდისფერ ან ლურჯ ფერს.

სითხის გარდა, ყურადღება უნდა მიექცეს რადიატორის მდგომარეობასაც. ზამთრის განმავლობაში ამ მოწყობილობაში მტვერი, მწერები და სხვა ნაწილაკები გროვდება, რომლებიც ჰაერის ნაკადის მოძრაობას აფერხებს და გაგრილების უნარს აქვეითებს.

ასევე აუცილებელია რეზინის მილებისა და გადაბმულობის წერტილების დათვალიერება. სიცხეში წნევა იზრდება და მილზე წარმოქმნილი ნებისმიერი მცირე ბზარი შეიძლება გაფართოვდეს და სითხემ გაჟონვა დაიწყოს, რაც, პოტენციურად, ძრავის დაზიანებას გამოიწვევს.

სალონში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად, გამოცვალეთ კონდიციონერის ფილტრები

ზამთარში კონდიციონერი იშვიათად ირთვება, რის გამოც მასში ნესტი და ბაქტერიები გროვდება. ეს უსიამოვნო სუნსაც წარმოქმნის და მგზავრების, განსაკუთრებით ბავშვებისა და ალერგიული ადამიანების, ჯანმრთელობასაც უქმნის საფრთხეს. ამიტომ, გაზაფხულზე კონდიციონერის ფილტრის გამოცვლა და სისტემის ანტიბაქტერიული დამუშავებაა რეკომენდებული.

თუ სისტემა ჰაერს საჭიროზე ნელა აგრილებს, ეს ნიშნავს, რომ ის ზედმეტი დატვირთვით მუშაობს, რაც საწვავის ან ენერგიის ხარჯს ზრდის. შესაბამისად, კონდიციონერის აქტიურ გამოყენებამდე უნდა შემოწმდეს კომპრესორის მუშაობა და მასში არსებული ფრეონის დონე.

დაიცავით ავტომობილის ექსტერიერი ულტრაიისფერი სხივებისგან

სასურველია, რომ ზაფხულში მანქანის ექსტერიერი სპეციალური დამცავი საშუალებით დამუშავდეს, რადგან მზის ულტრაიისფერი გამოსხივება ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად ლაქ-საღებავს აზიანებს, ახუნებს და ბზინვარებას უკარგავს.

ზამთრის ყინვებმა შესაძლოა მინის საწმენდი რეზინები დააზიანოს. ზაფხულში, სიცხის გამო, ეს ზედაპირები კიდევ უფრო შრება და უხეში ხდება. დაზიანებული რეზინი მინას სათანადოდ ვერ გაწმენდს და შესაძლოა მასზე ნაკაწრები დატოვოს. ამიტომ, უმჯობესია, რომ ვიზუალური დათვალიერების შემდეგ, ეს კომპონენტები ახლით ჩანაცვლდეს.

როგორ უნდა მოამზადოთ ელექტრომობილები ზაფხულისთვის?

blog image

თანამედროვე ელექტრომობილების ელემენტები ყველაზე ეფექტურად 20-დან 30 გრადუსამდე ტემპერატურაზე მუშაობს. მაშინ, როცა გარემოში სიცხე ამ მაჩვენებელზე მაღლა ადის, ავტომობილში ინტეგრირებული გაგრილების სისტემა აქტიურდება, რომელიც გადაადგილებისთვის საჭირო ენერგიას მოიხმარს. ამის გამო, განსაკუთრებულად ცხელ დღეებში ელექტრომობილის სვლის მარაგი მინიმალურად, დაახლოებით 15-20%-ით მცირდება.

ელექტრომობილს, გარდა ძირითადი ელემენტისა, აქვს აკუმულატორიც, რომელიც ვიდეო-აუდიო სისტემებსა და განათებას კვებავს. მაღალი ტემპერატურა აჩქარებს ამ აკუმულატორში სითხის აორთქლებასა და ფირფიტების კოროზიას. შესაბამისად, ზაფხულში მისი მწყობრიდან გამოსვლის რისკი იზრდება.

იმისათვის, რომ მცხუნვარე მზემ ელექტრომობილის ელემენტი არ დააზიანოს, სასურველია რამდენიმე მარტივი რეკომენდაციის გათვალისწინება:

  • ეცადეთ, ავტომობილი მუდმივად ჩრდილში ან გადახურულ პარკინგზე გააჩეროთ, რათა თავიდან აირიდოთ ბატარეის ზედმეტად გახურება;
  • პარკირებისას გამოიყენეთ საქარე მინის მზისგან დამცავი ფარი, რაც საგრძნობლად შეამცირებს სალონის გახურებას და კონდიციონერის დატვირთვას;
  • თუ შესაძლებელია, მოერიდეთ ელემენტის 100%-მდე დატენვას და მის სრულად დაცლას, რადგან ეს ელემენტის ქიმიურ შემადგენლობაზე, სიცხესთან ერთად, დამატებით ზეწოლას ახდენს.

პროფესიონალური დიაგნოსტიკა და ტექნიკური სერვისი E-Motors Georgia-ში

სეზონური მომზადება დეტალურ შემოწმებას და პროფესიონალურ მიდგომას მოითხოვს. E-Motors Georgia-ს ავტორიზებულ სერვის ცენტრში მომხმარებლებს ვთავაზობთ სრულ დიაგნოსტიკას. ჩვენი სპეციალისტები დეტალურად შეამოწმებენ როგორც სამუხრუჭე და გაგრილების სისტემებს, ისე ელექტრომობილების ელემენტების თერმული მართვის მდგომარეობას.

დროული პრევენცია დაგეხმარებათ, ზაფხულის ცხელი დღეები მშვიდად გაატაროთ. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ სწორად მოვლილი მანქანა თქვენი და თქვენი ოჯახის უსაფრთხოების გარანტიაა.


მზადება ზაფხულისთვის