როგორ მოვამზადოთ ავტომობილი ზამთრისთვის?
ზამთრის გზამკვლევი მძღოლებისთვის
2025-12-26

ზამთარი დადგა და ავტომობილის ტექნიკური შემოწმებაა საჭირო. დაბალი ტემპერატურა და შეცვლილი საგზაო პირობები გავლენას ახდენს როგორც შიდაწვისძრავიან, ისე ელექტრომობილებზე. იმისათვის, რომ სეზონს მომზადებული შეხვდეთ და უსაფრთხოდ გადაადგილდეთ, საჭიროა დროული რეაგირება.
ამ პროცესის გასამარტივებლად E-Motors Georgia გიზიარებთ პრაქტიკულ რჩევებს. ჩვენი რეკომენდაციები დაგეხმარებათ, სწორად მოამზადოთ ავტომობილი და თავიდან აიცილოთ ზამთრისთვის დამახასიათებელი ტექნიკური შეფერხებები.
რა მოთხოვნებს აწესებს კანონი 2024 წლიდან
2024 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ამოქმედდა რეგულაცია, რომელიც კონკრეტულ საგზაო მონაკვეთებზე ზამთრის საბურავების გამოყენებას სავალდებულოს ხდის. კანონის მოქმედების პერიოდი 1 დეკემბრიდან 1 მარტამდეა განსაზღვრული, თუმცა მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების შემთხვევაში, შესაბამისი ორგანოს მიერ ეს თარიღი შეიძლება შეიცვალოს.
შეზღუდვა ზონალური ხასიათისაა და 35-ზე მეტ მონაკვეთს ფარავს. მათ შორისაა ისეთი სტრატეგიული გზები, როგორებიცაა თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალი (მათ შორის რიკოთის უღელტეხილი), მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზა, გოდერძის უღელტეხილი და სხვა საკურორტო თუ მთიანი ზონები.
კანონი საბურავების ტექნიკურ მახასიათებლებსაც მკაცრად განსაზღვრავს:
- საბურავი არ უნდა იყოს 10 წელზე ძველი, რადგან დროთა განმავლობაში რეზინის ნაერთი ძველდება და კარგავს საჭირო ელასტიკურობას;
- აუცილებელ პირობად რჩება ფიფქის სიმბოლო (3PMSF), რომელიც ადასტურებს, რომ საბურავმა თოვლიან პირობებში ტესტირება გაიარა;
- პროტექტორის სიღრმე: მსუბუქი ავტომობილებისთვის ის მინიმუმ 3 მილიმეტრი უნდა იყოს, ხოლო სამგზავრო ტრანსპორტისთვის — 4 მილიმეტრი.
დამატებითი მოთხოვნა შეიძლება იყოს მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენება. ჯაჭვები უნდა დამონტაჟდეს წამყვან თვლებზე, ხოლო 4x4 სისტემის შემთხვევაში — მწარმოებლის რეკომენდაციის შესაბამისად.
რატომ არის მნიშვნელოვანი ზამთრის საბურავი მაშინაც კი, როცა თოვლი არ არის?
მძღოლების ნაწილი შეცდომით ფიქრობს, რომ ზამთრის საბურავი მხოლოდ თოვლში გადაადგილებისთვისაა საჭირო. რეალურად, საბურავის შესაცვლელად გადამწყვეტი ფაქტორი ჰაერის ტემპერატურაა და არა გზის საფარი. კრიტიკულ ზღვრად +7°C ითვლება. როდესაც ტემპერატურა ამ ნიშნულს ქვემოთ ჩამოდის, ზაფხულის საბურავებში გამოყენებული რეზინის ნაერთი ფიზიკურ თვისებებს იცვლის. ქიმიაში ამ პროცესს მინისებრ გადასვლას უწოდებენ — რეზინი კარგავს ბუნებრივ ელასტიკურობას, ხდება პლასტმასივით მყარი და ვეღარ იმეორებს გზის ზედაპირის ფორმას. ამის გამო, 50 კმ/სთ სიჩქარისას დამუხრუჭების მანძილი შეიძლება გაორმაგდეს, თუნდაც მშრალ ასფალტზე.
ზამთრის საბურავები განსხვავებული ქიმიური შემადგენლობისაა. მასში დიდი რაოდენობით სილიციუმი და ნატურალური კაუჩუკი შედის, რაც რეზინს საშუალებას აძლევს, რომ -20°C-ზეც კი შეინარჩუნოს სირბილე და ელასტიკურობა.
განსხვავება ვიზუალურადაც შესამჩნევია, რადგან პროტექტორზე ათასობით პატარ-პატარა ზიგზაგისებური ჭრილია. საქმე ისაა, რომ თოვლის თოვლთან ხახუნის კოეფიციენტი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე რეზინის თოვლთან. ამიტომ, საბურავის ამ ჭრილებში დაგროვებული თოვლი გზის საფარზე არსებულ თოვლს უკეთ ეჭიდება.
შიდაწვის ძრავის მქონე ავტომობილი: რას უნდა მიაქციოთ ყურადღება
ზამთრის დადგომამდე პირველი, რაც შიდაწვის ძრავის მქონე ავტომობილში უნდა შემოწმდეს, გაგრილების სისტემა და ანტიფრიზია. ამ სითხეს გაყინვის პრევენციის გარდა, ძრავის კოროზიისგან დაცვის ფუნქციაც აქვს და ამის გამო ის ძალიან მნიშვნელოვანია. მისი ფერის შემოწმებასთან ერთად, სპეციალური ხელსაწყოთი აუცილებლად უნდა შეფასდეს მდგომარეობაც. თუ მთაში ასვლას გეგმავთ, სასურველია სითხის გაყინვის ტემპერატურა მინიმუმ -35°C-ს უძლებდეს.
გაითვალისწინეთ, რომ გაყინული წყალი მოცულობაში დაახლოებით 9%-ით იმატებს, რასაც ძრავის ბლოკისა და რადიატორის დაზიანება შეუძლია. ასევე, ყურადღება მიაქციეთ ანტიფრიზის ტიპს: არსებობს ტრადიციული G11 (ხშირად ლურჯი ან მწვანე) და თანამედროვე G12/G12+ (ხშირად წითელი). მათი შერევა კატეგორიულად დაუშვებელია, რადგან ქიმიურმა რეაქციამ შეიძლება წარმოქმნას ნალექი და გაგრილების სისტემა დაბლოკოს.
მეორე კრიტიკული კომპონენტი ძრავის ზეთია. დაბალ ტემპერატურაზე, განსაკუთრებით დიზელის ძრავებში, ზეთი სქელდება. მაგალითად, 10W-40 ტიპის ზეთი -15°C-ზე იმდენად სქელდება, რომ ტუმბოს მისი გადატუმბვა უჭირს და ძრავის ამუშავების მომენტში დეტალები შეუზეთავი რჩება. ამიტომ, ზამთრისთვის უმჯობესია უფრო თხელი ზეთის გამოყენება.
აკუმულატორი ზამთარში ორმაგი დატვირთვით მუშაობს, რადგან სიცივე ქიმიურ რეაქციებს ანელებს და ძრავის დასატრიალებლად, შესქელებული ზეთის გამო, მეტი ენერგიაა საჭირო. თუ მანქანა ძნელად იქოქება, აკუმულატორის შემოწმება და სრულად დატენა, ან საჭიროების შემთხვევაში შეცვლა, საუკეთესო პრევენციაა.
ელექტრომობილი ზამთარში: რა უნდა იცოდეთ სანამ გზას დაადგებით

ელექტრომობილის მფლობელებისთვის ზამთარი სპეციფიკურ სირთულეებთანაა დაკავშირებული, რომელთაგან მთავარი სვლის მარაგის შემცირებაა. კვლევების თანახმად, ცივ სეზონზე ელექტრომობილებს საშუალოდ 20-50%-ით ნაკლები მანძილის გავლა შეუძლია. ეს იმიტომ ხდება, რომ დაბალ ტემპერატურაზე ლითიუმ-იონურ ელემენტებში შიდა წინაღობა იზრდება, რაც იონების მოძრაობას აფერხებს და ელემენტი ვეღარ გასცემს იმდენ ენერგიას, რამდენსაც თბილ ამინდში. ამასთან ერთად, რესურსი სალონის გათბობაზეც იხარჯება.
დაბალი ტემპერატურა დამუხტვის პროცესზეც მოქმედებს. ცივი ბატარეა ავტომატურად ზღუდავს დამუხტვის სიჩქარეს, რათა თავი დაიცვას დაზიანებისგან. თუ გაყინული ელემენტი სწრაფად დაიმუხტება, შესაძლოა ლითიუმი ანოდზე დაილექოს და ელემენტი დაზიანდეს.
რეკომენდებულია, რომ სამთო კურორტებზე, მაგალითად გუდაურსა და ბაკურიანში, ელექტრომობილის წასვლა წინასწარ დაიგეგმოს, რადგან სიმაღლეზე ასვლისას ენერგია სწრაფად იხარჯება. შესაბამისად, მარშრუტის შედგენისას აუცილებლად გამოიყენეთ დამტენების რუკა და ზუსტად განსაზღვრეთ, სად შეძლებთ ავტომობილის დამუხტვას.
ხილვადობა და უსაფრთხოება: წვრილმანები, რომლებიც გადამწყვეტია
ზამთარში გზებზე ხილვადობის გაუარესება ავარიების ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზია, ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ საქარე მინის საწმენდი სისტემა გამართული იყოს. გამოიყენეთ ზამთრის სითხე, რომელიც -20°C-ზე დაბალ ტემპერატურას უძლებს და ეთანოლს შეიცავს. არავითარ შემთხვევაში არ დატოვოთ სისტემაში ზაფხულის სითხე, რადგან ყინვის დროს ის გაფართოვდება და შესაძლოა ავზი ან მილები დააზიანოს.
ყურადღება მიაქციეთ მინის საწმენდების მდგომარეობასაც. ჩვეულებრივი რეზინი სიცივეში უხეშდება, კარგავს მოქნილობას და მინაზე ზოლებს ტოვებს. ზამთრისთვის რეკომენდებულია უჩარჩო (Beam) ტიპის საწმენდები, რადგან მათში წყლის ჩასვლისა და გაყინვის საშიშროება არ არსებობს. ასევე, რადგან ზამთარში დღე მოკლეა და ღამით გადაადგილება ხშირად გიწევთ, შეამოწმეთ ფარები. თუ ისინი დაბურულია, მარტივი პოლირებით გაიზრდება სინათლის ნაკადი და ხილვადობა გაუმჯობესდება.
რა უნდა გქონდეთ მანქანაში მთაში გამგზავრებისას
რიკოთის, ჯვრის ან გოდერძის უღელტეხილებზე გადაადგილებისას ყოველთვის არსებობს რისკი, რომ გზა ჩაიკეტოს ან მანქანა გაფუჭდეს. დახმარების ლოდინში შეიძლება საათების გატარება მოგიწიოთ, ამიტომ მზად უნდა იყოთ. პირველ რიგში, იზრუნეთ სითბოზე და თან იქონიეთ პლედი, თბილი ქუდი და ხელთათმანები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ელექტრომობილის მფლობელებისთვის, რადგან ელემენტის დაჯდომის შემთხვევაში მანქანაში გათბობა გაითიშება.
საბარგულში აუცილებლად უნდა გქონდეთ მცირე ზომის დასაკეცი ნიჩაბი, ყინულის საფხეკი და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები (გახსოვდეთ, რომ ზოგიერთ მონაკვეთზე ეს კანონით სავალდებულოა). ასევე, დაგჭირდებათ ფანარი, Power Bank და პირველადი დახმარების აფთიაქი. სასმელი წყალი შეინახეთ სალონში, რათა არ გაიყინოს.
მოამზადეთ ავტომობილი ზამთრისთვის E-Motors Georgia-ს ტექნიკურ სერვის ცენტრში
ზამთრისთვის მზადება დეტალურ ყურადღებას და პროფესიონალების ჩართულობას მოითხოვს. E-Motors Georgia-ს სერვის ცენტრში მომხმარებლებს ვთავაზობთ სრულყოფილ მომსახურებას IM Motors-ის, Jetour-ის, Forthing-ის, AIQAR-ისა და HONGQI-ს ჩინურ ავტომობილებზე.
ჩვენთან დაგხვდებათ მაღალკვალიფიციური ტექნიკოსთა გუნდი, რომელიც გადის გადამზადებას უშუალოდ მწარმოებელ ქარხნებში. თითოეულმა მათგანმა დეტალურად იცის ყველა მოდელის ტექნიკური თავისებურებები, ხოლო ორიგინალი ნაწილების მუდმივი მარაგი სამუშაოს ხარისხიანად შესრულების გარანტიას გაძლევთ.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ელექტრომობილების მომსახურების სპეციფიკა. მათი სერვისი რადიკალურად განსხვავდება შიდაწვისძრავიანი ავტომობილებისგან და სპეციფიკურ ცოდნას მოითხოვს. ჩვენი ტექნიკოსები ფლობენ ზუსტად ამ კვალიფიკაციას, რაც იმის გარანტიაა, რომ ზამთრის სუსხიან დღეებში თქვენი ავტომობილი გზაზე არ გიღალატებთ.
როგორ მოვამზადოთ ავტომობილი ზამთრისთვის?